კულტურის კომიტეტმა 2021 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა. დოკუმენტების შემუშავებამდე, კომიტეტის წევრები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდნენ, სადაც კულტურის კოდექსის, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელების შექმნასა და სახელოვნებო განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.
„მეორე საკითხია კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანების კონკრეტიზაცია და პანდემიიდან გამომდინარე სიძნელეების გათვალისწინებით მათი ეტაპობრივი გადალახვის სტრატეგია. მესამე – ექსპერტების ჩართულობით გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექსტორში ბოლო 3 წლის განმავლობაში, ასევე შეფასდეს პანდემიიდან გამომდინარე სიძნელეები და ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს მომავალი პრიორიტეტები. მეოთხე საკითხია სახელოვნებო სკოლებში არსებული მდგომარეობის კვლევა და სხვადასხვა საკითხების შესწავლა, მათ შორის, ახალგაზრდების ზოგადი წვდომა და ინტერესი კულტურულ აქტივობებზე, ასევე შემუშავდეს სახელოვნებო განათლების რეფორმა და დაინერგოს განვითარების ინოვაციური მიდგომები“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
სამოქმედო გეგმაში ასევე წარმოდგენილია კომიტეტის გასვლითი სხდომები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, ასევე საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გასაძლიერებლად. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას.
„კულტურის კომიტეტის ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ ეს კომიტეტი უნდა იყოს ეფექტური და მორგებული იმ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო იმყოფება. პანდემიამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა კულტურის სექტორს. ვფიქრობ, აუცილებელია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო კომიტეტებთან, რადგან მათ დიდი გამოცდილება აქვთ და ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. კულტურის კომიტეტის მთავარი ამოცანაა მოიძებნოს გზები სექტორის გასადარჩენად, შემუშავდეს საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული კანონები, რომელიც იქნება რეალურად მოქმედი“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
კომიტეტი ხვალიდან ექსპერტების შერჩევას იწყებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.