კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

16/10/2023

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ გააცნო. ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტებისა და პროგრამების განრიგის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგებზე.
მომხსენებლის ინფორმაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განხილული საჩივრების რაოდენობა და შინაარსი, საჯარო განხილვების შინაარსი და მოქალაქეთა წინადადებები. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, 2022 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჩივარი არ შესულა. ვასილ მაღლაფერიძემ მიმოიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლობის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულება და მომავალი წლის ბიუჯეტი, ასევე, შიდა და გარე აუდიტების დასკვნები. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2022 წლის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა და გარე აუდიტის მიერ წარდგენილი დასკვნები, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ფინანსური საქმიანობის შეფასებას. ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, 2020 წლის 28 მაისს, საქართველოს პირველმა არხმა, თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურისგან შენობა-ნაგებობების თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტექნიკური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
2022 წელს მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩატარდა მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები. კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0