სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს ექსპერტები და პედაგოგ-მასწავლებლები პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივას პანელური დისკუსიის ფორმატში გაეცნენ. კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება. კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.
„სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
კულტურის კომიტეტის წევრის, ბაია კვიციანის განცხადებით, გამორჩეული და ნაყოფიერი დისკუსია შედგა.
„აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპელიტეტების წარმომადგენლები სახელოვნებო განათლების მიმართულებით და ძალიან გულწრფელები იყვნენ ისინი საკუთარ კითხვებსა და შეფასებებში. ჩვენ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოვინიშნეთ, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“,- განაცხადა ბაია კვიციანმა.
პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის თქმით, სახელოვნებო განათლების რეფორმას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელსაც სახელოვნებო სასწავლებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ”, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, იუნესკოს მშვიდობის ელჩს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს და კომიტეტის წევრებს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რაც სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას ეხება. მიღწევების პარალელურად, სახელოვნებო განათლების მიმართულებით, არაერთი საჭიროება და გამოწვევაა, რომლის გადაჭრის გზები, დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა და მჯერა, რომ ჩვენი მომავალი თაობის, პედაგოგების საკეთილდღოდ, საჭირო შედეგზე ორიენტირდება“, – აღნიშნა სენაკის მუნიციაპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.