საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე. ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დავით ლომიტაშვილმა და სალომე მელაძემ წარუდგინეს. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის თქმით, ეს თემა ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს და სამართლებრივად უნდა მოხდეს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გააქტიურება, რომ შესაძლებელი იყოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა.
„ჩვენ მოვისმინეთ და განვიხილეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაცია. სხდომაში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობაც. მოვისმინეთ მოსაზრებები და ხედვები. ვიმსჯელეთ ჩვენი პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების გაერთიანების აუცილებლობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიული თუ რელიგიური ძეგლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ.