საქართველოს პარლამენტში ზოგადი განათლების კონფერენცია – „სასკოლო განათლება-საქართველოს მომავალი“ გაიმართა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გახსნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის ორგანიზატორებს და და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიება საზოგადოების უპირველეს საზრუნავს-მოქალაქეთა განათლების საკითხებს ეძღვნება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ განათლება საზოგადოების განვითარების ქვაკუთხედად იყო მიჩნეული, განათლება და განსაკუთრებით, სასკოლო განათლების სფერო, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იმ პრიორიტეტად ვერ იქცა, რომელსაც იმსახურებს.
მისივე თქმით, განათლებული მოქალაქეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც გლობალიზებულ მსოფლიოში დასამკვიდრებლად კონკურენტუნარიან, ძლიერ საზოგადოებას საჭიროებს.
„ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ის, რომ განათლება არის უპირველესი საზრუნავი და ეს გვესმის არა მხოლოდ ჩვენ, ქართველებს, არამედ ეს გვესმის ცივილიზაციის საწყისი ეტაპებიდან, როდესაც ადამიანმა დაიწყო იმ ტიპის საზოგადოების მშენებლობა, რომლის გარკვეულ ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენ. განათლება იყო მიჩნეული საზოგადოების განვითარების ქვაკუთხედად. ამაზე ჩვენც ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ძალიან ხშირად ჩვენი საუბრები რჩება საუბრებად და რეალურ ქმედებებში, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, განათლება და განსაკუთრებით სასკოლო განათლების სფერო არ და ვერ იქცა იმ დონის პრიორიტეტად, რასაც ის იმსახურებს. განათლებული მოქალაქე, განათლებული ადამიანი ყველა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, მაგრამ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც თავისი ლელოს გასატანად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში საჭიროებს ძალიან კონკურენტუნარიან, ძალიან ძლიერ მოქალაქეებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მოქალაქეთა განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა დამსწრეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯებიც შეახსენა. მისი განმარტებით, ის, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ, ევროპული ოჯახის წევრობის ყველაზე ნათელი მაგალითია, თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო კონკურენციაშიც ერთვება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მყარი საფუძველი აქვს ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის სახით, ეს საკმარისი არ არის.
„ ჩვენ უნდა ვიყოთ განათლებული და მომზადებული ყველა სფეროში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სხვა დარგებში. სხვანაირად, თუ საიდანმე ჩვენ გველის პრობლემა, ქართველებს, ქართველობას, საქართველოს, სწორედ აქედან და არა სხვა რაიმე მოვლენიდან. იქნება ეს ეკონომიკური ინტეგრაცია, კულტურული ინტეგრაცია თუ სხვა პროცესები“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ეპოქალურ გამოწვევებზე ქართველი ერის სათანადო რეაგირების უნარზე ისტორიაც მეტყველებს. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რთულ, გარდამტეხ პერიოდებში, საქართველოს ჰყავდნენ მოაზროვნეები, რომლებიც სწავლა-განათლების მნიშვნელობას ახსენებდნენ. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით გურამიშვილის, სოლომონ დოდაშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების, მეცენატებისა და ბიზნესმენების დამსახურებაც გაიხსენა.
“ასე რომ ჩვენ, ცარიელ ნიადაგზე არ ვსაუბრობთ ამაზე და თეორიებზე არ ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ განათლება მნიშვნელოვანია, განათლებისთვის სახელმწიფო პოლიტიკაა შესამუშავებელი, ადეკვატური თანამედროვე რეალობებთან და ასე შემდეგ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ახლა უკვე დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო სისტემაში ბევრი რამ ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
„უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ახლა უკვე დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ჩვენ, ამ საკითხში ბევრ რამეს თავი ვერ მოვაბით ჯერ კიდევ. ვერ მოვაბით და ამაზე ყველაზე ნათლად მეტყველებს ის არც თუ სასიამოვნოდ დასანახი ციფრები, რომლებსაც ვნახულობთ სხვადასხვა ტიპის კვლევებში იმის თაობაზე, თუ როგორია საერთო დონე ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის, მათ შორის სასკოლო განთლების სისტემის. ნიჭიერები და გამორჩეული ნიჭით მომადლებული ადამიანები ყველა ეპოქაში არსებობდნენ, ჩვენს ეპოქაშიც არსებობენ და ასეთი ადამიანები იკვალავენ გზას და გადიან არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, სასკოლო განათლებაზე საუბარი მხოლოდ ე.წ. „ხუთოსნებს“ არ ეხებათ. მისივე განცხადებით, დიდია ზღვარი ძალიან და კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის.
„ჩვენ ვლაპარაკობთ იმ გამორჩეულ ადამიანებზე და სასკოლო განთლების სისტემის ამოცანა არ არის ის, რომ ჩვენ გვყავდნენ საამაყოდ განათლებული ადამიანები. ჩვენი ამოცანაა გვყავდეს ყველა განათლებული ადამიანი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ჩვენ, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი იმ ძალიან და კარგად განათლებლ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა ის დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები გზის გაკვლევას ყოველთვის შეძლებენ, ხოლო მთელ საზოგადოებაზე საუბრისას, ამ პრობლემის სიღრმეში ჩასვლაა მნიშვნელოვანი.
„ხშირად ისმის ის, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო პედაგოგიური პოტენციალი ან დაფინანსებაა ნაკლები ან ა.შ. ანუ, სხვადასხვა მხარეს არის ხოლმე პრობლემის სათავის მოძიება. დღეს, ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და ამ ტრიბუნიდან ყველაზე უპრიანია, მე მგონი, სიმართლის თქმა. პრობლემა არის ჩვენში, პოლიტიკოსებში, ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემებია ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებასაც გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება სჭირდება.
სიტყვით გამოსვლისას, დავით უსუფაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში, ხედვასთან დაკავშირებული, რაც შეიძლება მეტი კონკრეტული წინადადება გაჟღერდეს, რადგან, მისივე განმარტებით, განათლების სისტემა, პრაქტიკულად, ყველა ოჯახს ეხება და ამ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. მისივე განცხადებით, ამოცანა „განათლებული თავისუფლებაა“.
„ჩვენ, როდესაც თანამედროვე განათლების საკითხებზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ ცოდნის მექანიკურ გადაცემაზე, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა ამბებზე. ჩვენ გვინდა განათლებული და თავისუფალი ადამიანები. ჩვენ გვინდა განათლებული თავისუფლება. ეს ვერ მიიღწევა თავისუფალი განათლებით, ანუ, უსტანდარტო, უსისტემო განათლებით. მოკლედ, ამოცანაა განათლებული თავისუფლება, რომელიც ვერ მიიღწევა თავისუფალი განათლებით. განათლებას სჭირდება სახელმწიფოებრივი ზრუნვა, სახელმწიფო სტანდარტი, სახელმწიფო სისტემა, მანამ, სანამ ადამიანი გახდება სრულწლოვანი და მერე უკვე თავად იცის სად წავა და რას გააკეთებს, მაგრამ სანამ ჩვენ ვთვლით, რომ სკოლაში საქმე გვაქვს იმ ასაკის მოზარდებთან, ვინც სწორედ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ უნდა იყვნენ და ეს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ საკითხს. მე კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას მოგახსენებთ, ვინც ამ კონფერენციის ჩატარება განიზრახა და გაუკეთა ორგანიზება. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ამ კონფერენციით ახალი ეპოქა იწყება – არა, არაფერი არ იწყება ახალი, უბრალოდ, გვინდა, მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ ძალიან დიდ საქმეში“,- მიმართა დამსწრეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.