კონფერენციაზე „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ დავით საგანელიძე სიტყვით გამოვიდა

28/03/2018

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“, რომელიც USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში და „მეწარმე ქალთა საბჭომ” (WBCG) ერთობლივად გამართეს.
რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკაში ქალის როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ქალბატონების ეკონომიკაში ჩართულობის არაერთი მნიშვნელოვანი მაგალითი არსებობს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. დავით საგანელიძემ საქართველოში ქალების როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში თვალსაჩინო პროგრესია. თავისი გამოსვლა მან მუჰამედ ალის სიტყვებით დაასრულა: „არც ერთი ბრძოლა არ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მამაკაცის გვერდით ქალი არ იბრძვის“ და დამსწრე ქალბატონებს საჯარო სექტორის, ეკონომიკის, ბიზნესის სფეროებიდან, აგრეთვე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე ქალებს საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკაში თავიანთი წვლილის შეტანაში წარმატებები უსურვა.
კონფერენციაზე რომელიც ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტექნიკურ პროფესიებში, სხვა სტუმრებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი გამოვიდა სიტყვით. მან ფონდის მანდატის, ინვესტირების პრინციპების, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე, დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას.
ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმირების შემუშავებაში“ წელს შეცვლილი ფორმატით, კვირეულის სახით ჩატარდა. კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0