გორში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიესალმა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ახალი რედაქციის ძირითადი პრინციპები და ამოცანები გააცნო. „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც დეკემბერში შეიქმნა და ოთხი თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი მოამზადა, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა. ერთი ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რადგან კონსტიტუციაში გვაქვს მთელი რიგი ნორმები და რეგულაციები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს და ეს დასკვნა ხაზგასმით არის გამოკვეთილი ვენეციის კომისიის მოხსენებაში, რომელიც 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო გადასინჯვის დროს დადო. მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქმედი კონსტიტუციის რედაქციულ და ტექნიკურ უზუსტობებზეც გაამახვილა ყურადღება და მათი სრულყოფის მიზნით გატარებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ შიდა ქართლის მოსახლეობას კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. „კონსტიტუციის პირველ თავში ოთხი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპია გამოტანილი. ეს არის დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ეს პრინციპები, ერთგავარად, ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და დღეს ხდება ამ ოთხი პრინციპის გაცოცხლება. თვითოეული პრინციპს დაეთმობა სპეციალური მუხლი, რაც კონსტიტუციის დონეზე თვითოეული პრინციპის გამყარებას უზრუნველყოფს. კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს აწესრიგებს და მასში ძალიან ბევრი პროგრესული ცვლილებაა შეტანილი. კერძოდ, დგინდება სრულიად ახლი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული. ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლებები, სპეციალური გარანტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის, მეწარმეთა თავისუფლება და სხვა. ეს არის ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც ემატება კონსტიტუციის მეორე თავს. ასევე რიგ უფლებებზე, როგორიცაა თანასწორობის უფლება, პირადი სივრცის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ინტერნეტთან წვდომა და სხვა გაზრდილია სტანდარტები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების თავში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის ბუნდოვანი ჩანაწერი, რომელიც მოქმედი კონსტიტუციით არის მოცემული, იცვლება და თვითოეული კომპეტენცია კონკრეტულად გაიწერება. მისივე განცხადებით, ფინანსების და კონტროლის თავი ეროვნული ბანკთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს – შემოდის ახალი გარანტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას კონსტიტუციის დონეზე აიყვანს. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის გარდამავალი დებულების ახალი ჩანაწერი განმარტა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტი კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარდება. „კონსტიტუციის ბოლო თავში, გარდამავალი დებულებების თავში, ერთგვარი დავალების სახით, კონსტიტუციური ორგანოებისთვის გაწერილია ამოცანა, რომ მათ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მიიღონ ყველა ზომა. ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენი საგარეო პრიორიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირდაპირ აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების კუთხით გაკეთებულ ჩანაწერზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ყურადღება ოპოზიციის გაძლიერების როლზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ახალი რედაქციით ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება ენიჭება, რაც მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ უმრავლესობის პრეროგატივას წარმოადგენდა. ასევე იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის როლი პარლამენტის წინაშე, რაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით და ასევე სხვადასხვა ნორმებით განისაზღვრება. ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით იცვლება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. „დღეს მოქმედებს შერეული სისტემა და ეს სისტემა უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. მოქმედი სისტემა სამართლებრივი კუთხით აბსოლუტურად თავსებადია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ამ სისტემის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ ეს ბერკეტი გამოიყენა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა და შემდეგ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოეყენებინა. გამომდინარე ამ გამოცდილებიდან, არსებული შერეული სისტემიდან ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. დამოუკიდებელი საქართველოს 25-წლიან ისტორიაში პირველად ხდება, რომ მმართველი ძალა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად, საკუთარი ხელით იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკების გაუქმებასა და 5% ბარიერის საკითხებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის და არა ბლოკებისთვის, 5%-იანი ბარიერი აპრობირებულ მოდელს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც და იგი სრულად თავსებადია დემოკრატიულ პრინციპებთან. რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას – პარლამენტის თავმჯდომარემ იგი პარტიების განვითარების და ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების კუთხით საქართველოში იგივე ვითარებაა, რაც 1992 წელს იყო. ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის მესამე ასპექტს, ე.წ. ბონუსის ელემენტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ საკითხით ათასგვარ სპეკულაციას აქვს ადგილი. „რომ ავიღოთ ბოლო ხუთი არჩევნების შედეგი, ბონუსი საშუალოდ 5%-ს წარმოადგენს, ბოლო ოთხ არცევნების მიხედვით ეს ციფრი 3.1%-ია, ხოლო ბოლო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. ბონუსის სისტემა გამარჯვებულ პარტიას საპარლამენტო ცხოვრების სტაბილური განვითარებისთვის მინიმალურ დანამატს აძლევს, რაც ნორმალურ პოლიტიკურ გარემოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციურ კანონპროექტში მთავრობასთან მიმართებაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. „ქმედითი მთავრობა ფუნდამენტური ჩანაწერით არის უზრუნველყოფილი. მთავრობა არის ერთადერთი ორგანო, რომელიც საგარეო პოლიტიკას აღასრულებს და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს. 2010 წლამდე მთავრობა და პრეზიდენტი ამ ფუნქციას პარალელურად ახორციელებდნენ და მთავრობა პრეზიდენტის ერთგვარ დამხმარე ორგანოს წარმოადგენდა. ეს სისტემა კონსტიტუციის ბოლო ცვლილებების შედეგად შეიცვალა და ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დღეს ამ პოლიტიკას ახორციელებს, არის საქართველოს მთავრობა. ეს ჩანაწერი რჩება ძალაში რაც უზრუნველყოფს ქმედითი მთავრობის ფუნქციონირებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ სასამართლო ხელისუფლების განვითარებისთვის და დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციურ პროექტში გაკეთებულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით არაერთ დამატებითი ნორმა გაიწერა. საუბარია უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა მინიმალურ წევრთა განსაზღვრაზე, რომელიც 28 მოსამართლით არის წარმოდგენილი, ასევე მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპზე, რაც სასამართლოს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსამართლეთა გათავისუფლებას აღარ გამოიწვევს. მისივე ინფორმაციით, ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციებსაც შეეხება, რომელიც დასამტკიცებელ მოსამართლეებს პარლამენტს წარუდგენს. აღნიშნული ნორმები კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს წარმოადგენდა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის სტატუსს, უფლებამოსილებას და მისი არჩევის წესსაც შეეხო. მისი განცხადებით, პრეზიდენტის კომპეტენციები, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, კერძოდ სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, უცვლელად რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, როდესაც საუბარია ზეპარტიულ პრეზიდენტზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, მისი არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო ქვეყნისთვის სრულად თავსებადია. „როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა, ჩნდება დიდი დისბალანსი მის ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის. პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები, თუმცა მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული. ასეთ დროს წარმოიშობა სისტემური პრობლემები, ხოლო იქ, სადაც პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა, არასდროს სისტემური პრობლემა არ წარმოიშობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, საყოველთაო-სახალხო განხილვა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხით გაგრძელდა. საორგანიზაციო კომისიის წევრებმა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. კომისიის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენელთა შეხედულებები მოისმინეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ, 12 მაისს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
კონსტიტუციური კანონის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა გორში გაიმართა
11/05/2017