კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში.
„მე მინდა დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთო განცხადება, გავავრცელო და მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას – პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს. პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრს, ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავეს ახალ ბიუჯეტზე. მოკლედ შევაჯამებდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში. მინდა ვთქვა, რომ კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-თან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, მეგობრებო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, ანუ ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას – 86 მილიარდი ლარი და დოლარში 8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი, აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით, რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.
„ახლა რაც შეეხება სხვაობას, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ წინა ვარიანტთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება 165 მლნ ლარით, კიდევ დამატებით რესურსები გამონახა ბატონმა ლაშამ და მისმა გუნდმა, 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან, უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი ისევ ჩვენს რეგიონებში მოხმარდება პროექტების დაფინანსებას. ჯამში რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.
გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებს, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით -15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.
კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი – 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც გაზრდილია 3-ჯერ. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო ლაშა, თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავებს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც. მთავრობის მეთაურის თქმით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში.
„რაც შეეხება, ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა – მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც, რაც მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარების მაღალ ტემპს”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი, საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.
„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და, ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”, – განაცხადა პრემიერმა.