„კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

01/11/2023

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილება. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, იცვლება სააგენტოს დასახელება და მისი ახალი დასახელება იქნება „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად გამოსწორდება კანონში არსებული შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზები. ცვლილებით: „ტერმინი „ეკონომიკური აგენტი/აგენტები“ იცვლება ზოგადი ტერმინებით – „კონცენტრაციის მხარით/მხარეები“, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სააგენტოს მიერ მხარესთან ან/და სხვა პირებთან ოფიციალური მიმოწერის განხორციელების წესი, ჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმ ეკონომიკური აგენტის მიმართ სანქციის გამოყენებისთვის, რომელიც სააგენტოს ხელს უშლის ადგილზე შემოწმების განხორციელებაში. მომხსენებლის თქმით, დასაშვები ხდება ადგილზე შემოწმების პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0