კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირეს

20/02/2023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, დოკუმენტი თავდაცვის სფეროს მნიშვნელოვან რეფორმას ეხება და მასში ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს კოდექსის პროექტი დეტალურად გააცნო და ყურადღება სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ დაცვაზე, თავდაცვის ორგანიზების ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებზე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ნატო-სთან თავსებადობის საკითხებზე, სამხედრო სამსახურის სახეების ახლებურად განსაზღვრების მიმართულებებზე და თავდაცვის ძალების რეზერვის საკითხებზე გაამახვილა. გრიგოლ გიორგაძემ ცალკე გამოყო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღება, რომლის თანახმადაც, წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლის. აღნიშნული ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მანვე, სასულიერო პირებისთვის დაწესებულ ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა ნებისმიერი რელიგიური კონფესიის სასულიერო პირისთვის დაწესდება. თავდაცვის კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დოკუმენტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წარმოდგენილ დოკუმენტზე შენიშვნები გამოთქვეს პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრებმა, რომლებმაც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესზე კრიტიკულად ისაუბრეს და მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტის განხილვა მოითხოვეს.
სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დამატებითი განმარტებები გააკეთა.
მისი განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რომლის მომზადებაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი ბალტიისპირეთის ქვეყნების და ფინეთის მოდელებს ეფუძნება და მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებებს არეგულირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0