საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის საკითხზე იმსჯელეს და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ განიხილეს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; გარემოსა და სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა.
„ჩემი სურვილი იყო და არის ის, რომ ოპოზიცია ყველა იმ დისკუსიაში და განხილვაში მონაწილეობდეს, რაც პარლამენტში მიმდინარეობს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ ჩვენს კომიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასდროს ეთანხმებოდნენ და არ უჭერდნენ მხარს პროექტებს, მათი თანამშრომლობა იყო ჩემთვის, თითოეული ჩემი კოლეგისთვის მნიშვნელოვანი. მიმაჩნია და საჭიროა, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს სამთავრობო პროგრამის და მთავრობის შემადგენლობის, ასევე, ნებისმიერი პროექტის განხილვებში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ბიოგრაფიული ცნობების წარდგენის შემდეგ, სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მათ წუხილი გამოთქვეს იმის თაობაზე რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები ცარიელია.
„მეც, როგორც თითოეული ჩვენგანი გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მას მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, რის შემდგომაც მან მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
.
„ჩვენ, მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. სწრაფად უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთვის აუცილებელია ქვეყნის ფიზიკური დაახლოება ევროკავშირთან, ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაა ევროპის სატრანსპორტო ქსელში, რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარების დონეში იმ არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა და შემდგომი განვითარების მყარი საფუძვლების შექმნა. ასევე, ბუნებრივი ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთელ გუნდს აქვს არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ წელს, პანდემიის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება განხორციელდა.
„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია და ბუნებრივია, გრძელდება არაერთი პროექტი, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას გააუმჯობესებს და დააახლოებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საშუალო ევროპულ დონეს“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად იქნება მოწესრიგებული.
„ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებლობას რეგიონებშიც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად, გააადვილებს რეგიონებში წარმოების სხვა ეკონომიკური აქტივობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განცხადებით, ამას გარდა, ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მინისტრობის კანდიდატის თქმით, რეგიონების თანაბარი განვითარების მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის პროექტები, რომელიც პირველ რიგში, რეგიონებში ინტეგრირებული მიდგომის განხორციელებას მოემსახურება.
მისივე განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლების სხვადასხვა ტიპის საბაზისო განათლების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობას და იქ მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობა. მისივე ინფორმაციით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე არის ძველი კურორტების გაცოცხლება. მან ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურების განვითარების პროგრამაზე, რომლის ჯამური ღირებულება 300 მლნ ლარს აღემატება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა პანდემიის შემდგომი პერიოდი ყველასთვის იქნება რთული.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე მოგვიწია ჩვენი დაფინანსების და ბიუჯეტის მოცულობის გადახედვა, მოგვიწია პროექტების ვადაშიც გადაწევა, რომელიც არსებული დაფინანსების გამოყოფაში ვერ იქნა მოთავსებული, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ის აუცილებელი მიმართულება, რომელიც საჭიროა ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის და მათი ევროპული დონის განვითარებასთან მიახლოებისთვის გათვალისწინებულია სამინისტროს და მთავრობის პრიორიტეტებში. ყველა პროექტი ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენი რეგიონები გახდეს უფრო ძლიერი“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თვითმმართველობების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
„ჩვენ გავაძლიერებთ დეცენტრალიზაციის და სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას, თვითმმართველობის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით, როგორც საკანონმდებლო ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის მხრიდან ჩვენ შევძლებთ ამ დასახული ამოცანების შესრულებასაც, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის განაცხადის გაკეთებას“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
„ბოლო წლებში ჩვენს რეგიონში და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური თუ სხვა სახის გამოწვევების ფონზე, საქართველომ შეძლო ეკონომიკის ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება მათ შორის, გაიზარდა ეკონომიკური მდგრადობა, ქვეყანაში შეიქმნა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მყარი ფუნდამენტი, ხოლო გატარებული სტრუქტურული რეფორმების ფონზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა და გაიზარდა ინკლუზიურობა, რადგან არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი არამედ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური სიკეთის გადანაწილება მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა 2019 წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ეკონომიკისთვის და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევების წელი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.
მინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის მიერ წელს მიღწეულ წარმატებებზე და პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, კორონავირუსით განპირობებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა უმუშევრობის და სიღარიბის ზრდის მიმართულებით.
„პანდემიის პირველივე დღიდან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის უმთავრეს კომპონენტს მოსახლეობაზე ზრუნვა და მიზნობრივი სოციალური დახმარების ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს. ეს მიმართულია დასაქმების და სიღარიბის დონის პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებისკენ. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ნაბიჯებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, კორონავირუსით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების გზით უზრუნველყოს ის, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური აღდგენის და ეკონომიკის ზრდის წელი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას და ინსტიტუციური ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ქვეყნის მომზადებას 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.
„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ეკონომიკის შემდგომი გაჯანსაღება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკურ შესაძლებლობაზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად, რისი ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების გაგრძელება, რაც პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ შეუფერხებია.
მინისტრობის კანდიდატმა დაგეგმილ პრიორიტეტულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებზე მუშაობასაც საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს. მისი ინფორმაციით, პრაქტიკაში დაინერგება გადახდისუუნარობის ახალი სისტემა, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს რეაბილიტაციასა და კრედიტორთა უფლებების დაცვაზე. კიდევ ერთ პრიორიტეტულ რეფორმად მინისტრობის კანდიდატმა კაპიტალის ბაზრის განვითარება დაასახელა. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზაციაზე. მინისტრობის კანდიდატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება. მისივე თქმით, გაგრძელდება ასევე, წიაღის სექტორისა და ენერგეტიკის სფეროს რეფორმები. ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის აღდგენას და ხარისხობრივი განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. მისივე განცხადებით, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის სისტემების განვითარება.
„ეკონომიკის სამინისტროს ისევე, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტები იქნება სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება-გაძლიერება იმისთვის, რომ 2024 წელს ჩვენ შევძლოთ განაცხადის გაკეთება ევროკავშირში წევრობისთვის. ეს იქნება ჩვენი მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია. ეს იქნება ქართული წარმოების და ინვესტიციების წახალისება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავზარდოთ დასაქმება იმიტომ, რომ მთავარი გამოწვევა დღეს პოსტპანდემიურ პერიოდში არის დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა გამოსვლისას გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.
„ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სრული ციკლის განვითარება და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირება. 2012 წლის შემდგომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და ამან შედეგებიც მოგვცა. ვფიქრობ, განსაკუთრებით გამორჩეულია ბოლო სამი წლის შედეგები და ეს არის თვალსაჩინო მაჩვენებელი იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩვენი პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები არის წარმატებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარების მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა მთავრობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრაგტეგია ითვალისწინებს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებასა და განვითარებას, სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ გავზარდოთ დასაქმება, იყოს მეტი კეთილდღეობა და იყოს უკეთესი სოციალური მდგომარეობა სოფლის მეურნეობაში. ეს კვლავ დაეყრდნობა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას, ისევე როგორც აქამდე იყო ჩვენი პრიორიტეტი. აქ აქცენტი იქნება ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე, ეკოსისტემების შენარჩუნებაზე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაზე; გავითვალისწინებთ სურსათის და ცხოველის საკვების უვნებლობის საკითხებს, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემების არსებობას. ჩვებ გავაგრძელებთ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის ამაღლებაზე მუშაობას“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მომხსენებელმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვის მიმართულებაზე ისაუბრა.
„ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პარალელურად, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება არის უმთავრესი პრიორიტეტი. მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მთავარი ამოცანა ზუსტად, ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რაც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მან ასევე, ისაუბრა გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა, აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტები იქნება: გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოება; საწარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და საწარმოთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა გამოსვლისას, განვლილი წელი შეაფასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებას გაუსვა ხაზი.
„ბოლო პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა 5%-ით იზრდებოდა, რაც კარგი მაჩვენებელი იყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, ერთი პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ჩვენმა ეკონომიკამ აჩვენა მაღალი ხარისხობრივი წინსვლა. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრის კუთხით, როგორიცაა სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც 2-ჯერ და მეტად შემცირდა. ყოველივე ეს, ქვეყნის ეკონომიკის სანდოობაში აისახა, რაზეც მეტყველებს საკრედიტო რეიტინგები, რომლებშიც მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მან პანდემიამდე არსებულ ფისკალურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები აისახა საბიუჯეტო პარამეტრებში და ზოგადად, ფისკალურ მდგრადობაში. მისი ინფორმაციით, გასულ წელს, საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი, 600 მილიონი ლარის ოდენობით, გადაჭარბება და იმავდროულად, ვალის დაბალი მაჩვენებელი იყო. მომხსენებელმა გამოწვევებზე მთავრობის მიერ სწრაფ და სწორ რეაგირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე შემცირებული შემოსავლების გარდა, საჭირო გახდა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა 3 მიმართულებით. ესაა ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა, დამატებითი რესურსების გამოყოფა მოქალაქეების დახმარებისთვის და ბიზნესის მხარდაჭერა. მან დეტალურად ისაუბრა თითოეული მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. გარდა ანტიკრიზისული ღონისძიებებისა, ივანე მაჭავარიანმა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობას.
„სწორედ ეკონომიკური რეფორმების საშუალებით შევძლებთ დავუბრუნდეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად პანდემიის გამო არსებული ურთულესი გამოწვევებისა, განხორციელდა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიცაა: ენერგო ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა; გადახდისუნარიანობის ახალი რეფორმა; ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ. ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, განვაგრძობთ რეფორმას საჯარო ფინანსების მართვაში და ბევრი სხვა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მან ყურადღება გაამახვილა დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე. ისაუბრა საჯარო ფინანსებში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ფისკალური რისკებზე, ვალის მართვაზე, საგადასახადო პოლიტიკაზე, აღრიცხვის და ანგარიშგების რეფორმაზე. ივანე მაჭავარიანმა ფისკალური და ეკონომიკური კუთხით არსებულ ძირითადი გამოწვევებზე და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრა.
მოხსენებების დასრულების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა პარლამენტის წევრებს კითხვებს უპასუხეს. სხდომის დასასრულს, ცალკეულმა კომიტეტებმა ფარულ რეჟიმში, სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, კენჭისყრის შედეგად მხარი ერთხმად დაუჭირეს.
„ვფიქრობ, საინტერესო, დეტალური და საგნობრივი განხილვა შედგა. 110-ზე მეტი კითხვა დაისვა და პასუხებიც მივიღეთ. განხილვაში არა მარტო პარლამენტის წევრები იყვნენ ჩართული არამედ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მოვისვენეთ საკმაოდ დეტალური და საინტერესო პასუხები მინისტრობის კანდიდატების მხრიდან. მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო. წინ საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი გველოდება, მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ იქნება ადვილი წელი. დღეს წინა ხაზზეა გამოსული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად ვეცდებით, რათა ეს პრობლემები დაიძლიოს და გავუმკლავდეთ“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.