კოლუმბიასა და საქართველოს შორის ურთიერთ გაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა

22/09/2016

საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ და მარია გუელარმა (Maria Cuellar) ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების პროცესში აღნიშნული მემორანდუმის მნიშვნელობას.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღესვე შეხვედრები გამართა ბოლივიის, კოსტა-რიკის, ჰონდურასის, განას, ბუტანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მანუელ გონზალეს სანსთან შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და მზადყოფნა გამოთქვეს განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა. კოსტა-რიკის მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ, განსაკუთრებით კარგი მმართველობის სფეროში, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ბოლივიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე საქართველოს სატრანზიტო როლი და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის შესაძლებლობები. ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების სფეროში გამოცდილების გაზიარებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0