კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე

26/10/2022

ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ში“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კონსტრუქტ2-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გრანტის ფარგლებში, “კონსტრუქტ2-ის“ მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის ამაღლდეს ცნობიერება პროფესიული განათლებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ და გაიზარდოს ქალი სტუდენტების ჩართულობა მამაკაცების მიერ დომინირებული პროგრამების მიმართლებით. შეხვედრაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პროფესიული სასწავლებლის განვითარებასა და ახალგაზრდების დაინტერესებაზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა “კონსტრუქტ2-ის“ და საჯარო დაწესებულებების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. მხარის გუბერნატორმა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სამშენებლო კომპანია “ბიქეი ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება. “კონსტრუქტ2“ 2017 წელს შეიქმნა და ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და “ბიქეი ქონსთრაქშენის“ საერთო პროექტია. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე პროფესიული კულტურის განვითარებაზე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0