USAID Zrda-ს მხარდაჭერით კოლეჯი “ახალი ტალღა” ახალ სასწავლო პროგრამას ახორციელებს. ზუგდიდში კაფე „მეგობარში“ ახალი სასწავლო პროგრამების ღია კარის დღე და პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აღნიშნული პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ახალი საგანმანათლებლო კურსები მოიცავს შემდეგ სპეციალობებს : ბართენდერის პროგრამა, მზარეულის ასისტენტის სპეციალობა, რესტორნის მენეჯმენტის პროგრამა, სასტუმროში მიღება განთავსების სპეციალობა, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის პროგრამა. სასწავლო კურსები ზუგდიდსა და ანაკლიაში 17 თებერვალს დაიწყება და ოთხ თვემდე ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამებს მოიცავს. კურსებს წარუძღვებიან დარგის წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები. სასწავლო კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სწავლების დასასრულს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შესაბამისი სერტიფიკატები. სასწავლო კურსების დაწყებამდე დაგეგმილია პროფორიენტაციის დღეები, სადაც სასწავლო პროგრამით დაინტერესებული პირები შეძლებენ სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან გასაუბრებას და რეგისტრაციას. პროფორიენტაციის დღეები გაიმართება 6, 7 და 10 თებერვალს, 12:00-16:00 საათზე, ზუგდიდის ტექნო-პარკში (ლაღიძის ქ. 2).
კოლეჯი “ახალი ტალღა” ახალ სასწავლო პროგრამას ახორციელებს
05/02/2020