კოვიდ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა

28/09/2020

ბიუროს სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობა.

„კიდევ ერთხელ მსურს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შევახსენო, რომ ამ კოვიდ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის წესის თანმიმდევრულად დაცვა, ასევე დეზინფექციის პირობების შექმნა და ხელების დამუშავება, როგორც ეს ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებშია აღწერილი. თუ ამ პირობებს დავიცავთ და გავუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას , ჩვენ შევძლებთ, რომ მინიმალური ზიანით გავიაროთ ეს რთული პერიოდი. მინდა კიდევ ერთხელ, პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯანდაცვის სამსახურებს, ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს, ასევე მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართულნი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენს მოქალაქეებს აუცილებელ დახმარებას უწევენ და სერვისებს აწვდიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა. შესაბამისად, ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. დღესვე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვაზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა ამ მოწვევის პარლამენტის პერიოდში, ოქტომბრის ბოლომდე მოესწრება.
ბიურომ დაამტკიცა დ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების ბიუროსა და დებულებას ეხება.

„ვინაიდან ჩვენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ეს ცვლილება დგება დღის წესრიგში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, შეთანხმებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, სამაჟორიტარო ოლქები შემცირდა 30 სამაჟორიტარო ოლქამდე.

„შესაბამისად, ნაცვლად 73 მაჟორიტარისა, ქვეყანას ეყოლება 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი. მაჟორიტარი დეპუტატებისთვის არსებობდა და არსებობს ბიუროები, რომელთა ფუნქციონირებაც შესაბამისი დებულებით წესრიგდება, გამომდინარე ამ ცვლილებიდან, დაფინანსების წესიდან და პროცედურებში სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებიდან, ეს დებულება ცვლილებებს საჭიროებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ ეს ცვლილებები, რომელიც მოემსახურება მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საარჩვენო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარ გამოსვლაში იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად ჩაივლის. მან ასევე ისაუბრა რეგლამენტის მიხედვით დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პროცედურების თაობაზე. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან წერილებით მიმართა ბიუროს მის მიერ რამდენიმე თვის წინ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, თუმცა, საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი ამნისტიის საკითხს ეხება და მას დაჭერილი ჰქონდა თადარიგი წერილების განხილვის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა, არცერთი წერილი ბიუროზე არ განხილულა. დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე და, ასევე, რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ფრაქცია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ შეიმუშავა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯოდმარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამნისტია არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი აქტი, თუმცა ამასთანავე ჰუმანური აქტიც.

„ვფიქრობ რომ ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთებაც, გაანალიზებაც და ინდივიდუალური შეფასებაც. ჩემი პოზიციაა, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობა არჩევნების წინ შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რეზოლუციის თაობაზე.

„ეს უფრო მონოგრაფიას ჰგავს, ვიდრე რეზოლუციას თავისი თარგით, ფაბულით და სტილით. მთავარი მიზნებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რომ სოციალური სამართლიანობის სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ, ეს ჩვენ უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით და ვერცერთი რეზოლუცია ვერ დადგება თავისი შინაარსით კონსტიტუციაზე მაღლა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროკურორის ინსტიტუტი უნდა იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, საკონსტიტუციო რეფორმისას ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალი სტანდარტი დავდეთ და კონსტიტუციის დონეზე იქნა უზრუნველყოფილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მშვიდ, პოზიტიურ გარემოში განვაგრძოთ კამპანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მინიმალური აგრესიით და მაქსიმალურად მომავალზე ორიენტირებით წარვმართოთ 2020 წლის არჩევნების კამპანია და თვითონ არჩევნებიც“, – მიმართა დეპუტატებს არჩილ თალაკვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0