კობა კობალაძემ საჯარო შეხვედრა გამართა და მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

09/12/2017

მე-20-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატი, კობა კობალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. გლდანის რაიონის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე, რაიონის მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას, ნდობის მანდატისა და დიდი მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კობა კობალაძის მოსახლეობასთან შეხვედრის ტრადიცია წლების წინ, ჯერ კიდევ საკრებულოს წევრობის დროს დაიწყო და იგი დღემდე გრძელდება, რაც პარლამენტის წევრის შეფასებით, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის კარგ საშუალებას წარმოადგენს.

„დეპუტატები, მოსახლეობის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი და შესაბამისად, პერიოდულად ვიკრიბებით და გაწეული საქმიანობის ანგარიშს ვაცნობთ მათ, თუ რა და როგორ გაკეთდა და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. ყოველივე ამას ერთობლივად განვიხილავთ, რაც აღნიშნულ პროცესში ჩემი საარჩევნო ოლქის მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო და აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის განზოგადოებული და განშორებული ხალხის ინტერესებისგან, პირიქით, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მათ მიმართ ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას, მაჟორიტარმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები გააცნო მოსახლეობას. მან განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა ვეტერანთა უფლებებზე, ნარკოპოლიტიკასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებზე.
კობა კობალაძე საკომიტეტო საქმიანობასაც შეეხო და თავდაცვისა და უშიშროების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და დიასპორის და ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკითხებზეც ისაუბრა. როგორც მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას აღინიშნა, საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში 3520 წერილი და განაცხადი შევიდა, 37-ჯერ გამართულ შეხვედრაზე კი დეპუტატმა 1152 მოქალაქე მიიღო. ადგილებზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობის მიზნით კი მაჟორიტარის ბიურომ 92 გასვლითი შეხვედრა გამართა.მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეთა კვლევის და მაჟორიტარულ ოლქში გამოკვეთილი საჭიროებების ანალიზის პრეზენტაცია მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0