კობა გვენეტაძის მხარდაჭერით პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული.
“დღეს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ამ გადაწყვეტილებით. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული და ასეთი კანდიდატი იყო ნამდვილად ბატონი კობა გვენეტაძე”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რაც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაა.
“სამწუხაროდ, კობა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთმა წევრმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პარტიის სახეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პარტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი”, – განაცხადა აბაშიშვილმა.