კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების დადგენა საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად მოხდა

28/11/2019

„კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების დადგენა საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად მოხდა. ფინანსურ გათვლებს საფუძვლად, კლინიკების მიერ ფაქტიური ხარჯების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია დაედო. ივნისის თვიდან დაიწყო კომუნიკაცია მომწოდებელ კლინიკებთან იმისთვის, რომ მიგვეღო ფინანსური დანახარჯების ობიექტური და ზუსტი სურათი. ეს მონაცემები შეიკრიბა, დამუშავდა, გაანალიზდა და გამოყვანილ იქნა ახალი ტარიფი, რომელიც სრულიად ემყარება არსებულ პრაქტიკას. სახარჯი მასალა, სამედიცინო პერსონალი, მოწყობილობები და სხვა დანარჩენი, რაც სჭირდება ამა თუ იმ ინტერვენციის განხორციელებას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩამონათვალში“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„კლინიკებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ერთი და იგივე ინტერვენციაზე ფასი რიგ კლინიკებში იყო 17, 18, 19 ათასი ლარი და სხვაგან 34 000 ლარზე მეტი. ეს უთანაბრობა, რომელიც ძალიან რთული ასახსნელია, გაანალიზდა და გამოყვანილ იქნა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით მოთხოვნის საფუძველზე.
დიდი ინტერესი და მღელვარება იყო, რომ კონკრეტული დეფიბრილატორი ღირს ძალიან მაღალი ფასი და ეს არ არის გათვალისწინებული ტარიფებში. კონკრეტული დეფიბრილატორისთვის განსაზღვრული თანხა ჩვენი მხრიდან არის 9 000. აქ თუ ვინმე მეტყვის იმას, რომ კურსის ცვლილებამ გამოიწვია ამხელა სხვაობა, ვერ დაგეთანხმებით, რადგან კურსის ცვლილება ფასს ასე დრამატულად ვერ შეცვლიდა. ეს არის ერთ-ერთი მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ჩვენთვის არის ვალიდური საფუძველი. ბაზარზე შემოდის სხვადასხვა წარმოების პროდუქტი, მაღალი ფასი აუცილებლად არ არის იმის გარანტია, რომ მას აქვს იმაზე ბევრად უკეთესი ხარისხი, ვიდრე შედარებით დაბალი ფასის მოწყობილობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0