ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს “იმოგზაურე საქართველოსთვის” და თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამაში აქტიურად ჩავერთოთ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.
„აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, პირველ რიგში უნდა მივეხმაროთ დარგს, უნდა მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყვნენ მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები, – განაცხადა გიორგი გახარიამ.