საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ორგანიზებითა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები – “CYBER-EXE საქართველო 2016” მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა: “კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩვენი სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მოხარული ვარ, რომ უკვე მესამედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. აღნიშნული სავარჯიშო შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე ორგანიზაციის გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად გაანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მომზადდება რეკომენდაციები. მსგავი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას “წითელი და ლურჯი” ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ. „როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველო“ პირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში. ახლა სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ „Cyber-Exe საქართველო 2016“ მთლიანად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ რესურსებით არის ორგანიზებული. დღევანდელ ღონისძიებაში 20-მდე სხვადასხვა სახელწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი გაერთიანდა ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებაზე სამუშაოდ. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.“, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ღონისძიებაში 18 გუნდი იღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი წევრისგან შედგება. მონაწილეებს შორის არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები. ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და უკვე მესამედ ტარდება. პირველი “CYBER-Exe საქართველო” „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა.
კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები – “CYBER-EXE საქართველო 2016” მიმდინარეობს
08/11/2016