ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტისადმი დამოკიდებულების საკითხში გიორგი კვირიკაშვილმა მისი პოზიცია არ გაითვალისწინა.
ამის შესახებ ივანიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ მოახერხა კვირიკაშვილმა პრეზიდენტთან ურთიერთობების აწყობის მხრივ ისეთი რამ, რაც ღარიბაშვილმა ვერ შეძლო.
„კვირიკაშვილმა, უბრალოდ უფრო დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია. მე პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას მაბრალდებდნენ, როდესაც მას ვაკრიტიკებდი. ჩემი აზრით, მხოლოდ სწორი კრიტიკით და შეცდომებზე მინიშნებით შეიძლება გამოასწორო ადამიანიც და ინსტიტუტიც. თუ შეცდომები არ აჩვენე, ის ვერ გასწორდება. დავით ბერძენიშვილი ტრაბახობს, რომ არასდროს პრეზიდენტი არ გაუკრიტიკებია და ამით ამაგრებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არადა პირიქითაა, ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ. თუ გინდა ინსტიტუტი ძლიერი იყოს, „მოყვარეს პირში უძრახე“ სტრატეგია უნდა გქონდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ვერც ერთ მის არგუმენტირებულ კრიტიკაზე პასუხი ვერ გასცა.
„კვირიკაშვილმა რომ ნახა, რომ თვითონ პრეზიდენტს და მის მეხოტბეებსაც არაფრად მიაჩნიათ და პატივს არ სცემენ ამ ინსტიტუტს საკუთარი ქცევით, პირველ რიგში კრიტიკა შეაჩერა და ჩაყვა. თუ გახსოვთ „კავკასიური ცარცის წრე“? კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტად პატივს სცემს და უყვარს ეს ბავშვი, რასაც საქართველო ჰქვია, განსხვავებით მათგან, ვინც გაგლეჯას ცდილობს. მე თანახმა არ ვიყავი, როდესაც კვირიკაშვილთან ამ საკითხზე პოზიციებს ვათანხმებდით თავის დროზე და დღესაც თანახმა არა ვარ. საზოგადოებას მოსწონს ეს და თუ ასე სჯობს, ძალიან კარგია. ჩვენ თანხმობაში არ ვიყავით, მაგრამ კვირიკაშვილმა გააკეთა ისე, როგორც თვითონ ფიქრობდა და არა ისე, მე რომ მინდოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.