კახეთში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

02/08/2018

ქ. თელავში, ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „აჩინებული“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 975 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 632 835 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცმეული გრანტი. ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან – ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა. საწარმოს ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე- სოლომონ პავლიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი – შოთა ნარეკლიშვილი, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საწარმოში წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენების წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის, მომავალში იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული ხოლო სეზონურად ემატება 8-10 ადამიანი. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, კახეთის რეგიონში შეიქმნა 57 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0