კახეთში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად 4 მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა. განსაკუთრებულად რთული ვითარება შეიქმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სადაც დაახლოებით 150 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მყისიერად დაიწყო ზარალის აღწერა. დღეს, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი კაჭრეთში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ზარალის აღწერის დასრულების შემდეგ უახლოეს დღეებში დაიწყება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები, ხოლო რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მიყენებულ ზიანს, აღწერის შემდეგ, სტატისტიკა მიეწოდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაიმართება კონსულტაციები შესაბამის სამსახურთან და ერთობლივად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება შეიძლება განხორციელდეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, მოსახლეობას პირველ ეტაპზე სახურავებს დროებით, ე.წ. “ტენტი”- თ გადაუხურავენ.
კახეთში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად 4 მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა
04/05/2021