კახა სამხარაძე ბორჯომის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

21/06/2018

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ბორჯომის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნენ.
ამ დროისათვის სოფლებში ქვაბისხევში, ტბაზე და დაბა წაღვერში რკინა-ბეტონის გზების მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამხმარე ნაგებობის მოწყობა.
სამივე ობიექტზე ჯამში 3,5 კილომეტრამდე სიგრძის რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტებს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, დაახლოებით 800 000 ლარი მოხმარდა.
დასახლებებში სტუმრობისას ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს გზების კეთილმოწყობისა და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებისათვის.
არსებულ მონაკვეთებზე გზის საფარი არასოდეს ყოფილა, რაც მოსახლეობისა და ტურისტებისათვის დისკომფორტს ქმნიდა. დღეს უკვე მათ კეთილმოწყობილი გზით შეუძლიათ ისარგებლონ.
ოფიციალურმა პირებმა სოფელ სადგერის საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოებიც მოინახულეს. მასშტაბური პროექტის მიხედვით, ჯამში კანალიზაციის ქსელი 1796 მეტრზე მოეწყობა, რასაც 158 550 ლარი მოხმარდება.
გუბერნატორი დაბა წაღვერში კულტურის სახლსაც ესტუმრა, რომლის შენობაც რეაბილიტაციას საჭიროებს. მერის თქმით, შენობის რეაბილიტაციის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისათვის ტენდერი გამოცხადდება.
გუბერნატორის შეფასებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს დამსვენებლისა და ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად ტურიზმის სფეროს განვითარებას საკურორტო სოფლებში.
ადგილზე გუბერნატორთან და მერთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0