„საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის მემორანდუმის გაფორმება, ეს მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებაა“, – ამის შესახებ კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტს NDI, გაერთიანებული სამეფო და „კარგი მმართველობის ფონდი“ უწევენ. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში, „კარგი მმართველობის ფონდიდან“, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სამ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს და ეს თანხა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ასევე, პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის მიიმართება.
„საუბარია 3 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში, პარლამენტი „კარგი მმართველობის ფონდიდან“ მიიღებს. ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დიდი დახმარებით, რომელიც ამ პროცესების უშუალო მონაწილე იქნება, საქმიანობა, რომელიც საპარლამენტო ცხოვრების განმსაზღვრელია, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება – შემოვიღებთ უფრო ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ნდობას პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.