სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლების სისხლის სამართლებრივ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების კუთხით, რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. „2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვა, პატიმართა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა. შედეგად, დღეს სასჯელაღსრულების სისტემა აღარ არის ორიენტირებული პირის მხოლოდ იზოლაციაზე, არამედ ხელს უწყობს მის რესოციალიზაციას საგანმანათლებლო, დასაქმების და სხვა სახის პროგრამებით, რათა ის რეაბილიტირებული დაუბრუნდეს საზოგადოებას“, – განაცხადა მინისტრმა და მზადყოფნა გამოთქვა, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანაშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის. ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. „დღევანდელ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. კომუნიკაციის განვითარებას საელჩო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენ თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხითაც შეგვიძლია, ასევე, წარმოების განვითარების ორგანიზების მხრივ, ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, – განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა. მხარეებმა შეხვედრაზე სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და თანამშრომლობის მიმართულებები გამოკვეთეს. ბელორუსის რესპუბლიკის ელჩმა კახა კახიშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში მიიწვია. თავის მხრივ, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს ბელორუს კოლეგებს საქართველოში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით.
კახა კახიშვილი ბელორუსის ელჩს საქართველოში შეხვდა
24/03/2017