კახა კალაძემ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

18/10/2019

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანის დასახლებაში, პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მისი თქმით, ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში მცხოვრები ოჯახები მათ დაკანონებას ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ, მოქალაქეებისთვის იმ ფართების დაკანონება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ისინი ამ ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეს 23 ოჯახს გადავეცით საკუთრების მოწმობები და გვინდა, რომ თვითონ საცხოვრებელი კორპუსიც მოვაწესრიგოთ. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შექმნან ამხანაგობა და ბევრი პროექტი განახორციელონ. პროექტი გრძელდება, რადგან კიდევ არიან ოჯახები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მხრიდან ანალოგიური მიდგომა სჭირდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

23 ოჯახი აღნიშნულ მისამართზე 2011 წლიდან ცხოვრობს. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 650-მდე ოჯახს დაუკანონდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0