კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

11/06/2019

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია GWP დაგეგმილ სამუშაოებს კონტრაქტორების მეშვეობით ახორციელებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზე მუშაობა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ამის დასრულების შემდეგ გადავალთ განშტოებების მოწესრიგებაზე და შემდეგ დაერთდება. სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს აქ მცხოვრებ ადამიანებს. მესმის, აქ არის მტვერი და ხმაური, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების შესრულება. ამას ყველა გაგებით ეკიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტით უკვე ყველა ვიამაყებთ. გამზირი იქნება გალამაზებული და მოწესრიგებული. მასშტაბებსაც ხედავთ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერთან ერთად ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი და პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0