ჰიპერმარკეტების ქსელის „კარფური“-ს პირველი ფილიალი სამეგრელოში გაიხსნა. ზუგდიდიში კომპანიის ახალი ფილიალის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავათან ერთად დაესწრო. კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და სხვა.
“მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი კარფური სამეგრელოშია. დღეს ჩვენ გავხსენით კომპანიის ზუგდიდის ფილიალი. კარფური ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში ოპერირებს. მნიშვნელოვანია ასევე რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებას“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.