კარგი იქნება, თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ექნება საუბარი

29/08/2016

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთპიროვნულად შეარჩიოს და ის არავის შეუთანხმოს, თუმცა, როგორც მან განაცხადა, კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილს საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთანაც ექნება.

”საკონსტიტუციო სასამარლოში მოსამართლეების დანიშვნა, პრეზიდენტის პრეროგატივაა. მას შეუძლია კანდიდატები არ შეუთანხმოს არავის, მაგრამ კარგი იქნება, თუ საუბარი ექნება თავის ხელმძღვანელ კოლეგებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა ევა გოცირიძის, ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის კანდიდატურები იქნას განხილული, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ კანდიდატურებთან მიმართებაში კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან დარგის სპეციალისტი არაა.

”კვერენჩხილაძეს ნაკლებად ვიცნობ. რაც შეეხება ევა გოცირიძეს და ირინა იმერლიშვილს, სპეციალისტებისგან ვიცი, რომ კომპეტენტური ადამიანები არიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0