კანონში ცვლილებებმა ახალი პერსპექტივა გააჩინა ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით

07/07/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის საჯაროდ განხილვის პროცესი დაიწყო. ახალი სამოქმედო გეგმის შექმნა ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა განაპირობა.

„უდავო ფაქტია, რომ კანონში ცვლილებებმა ახალი პერსპექტივა გააჩინა ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით. დღეს ჩვენი ამოცანა კანონის აღსრულება და ამ პერსპექტივის რეალობად ქცევაა. ამ მიზანს ემსახურება ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობასა და უწყვეტობას განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და ღია და საჯარო დისკუსიების, იდეათა და ხედვების შეჯერების შედეგად ჩამოყალიბდება სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო რედაქცია, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა თანასწორი საზოგადოების შენების პროცესში.
ინკლუზიური განათლების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას სპეციალური მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მშობელთა გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი სექტემბრიდან მასწავლებლისას გაუთანაბრდება, პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება. მნიშვნელოვანი სიახლეა სპეციალური სკოლა-პანსიონების რესურს-სკოლებად გარდაქმნა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონში ასევე გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები. ამ ცვლილებების შედეგად განახლებული კანონი ჰარმონიზებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0