„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვალერიან ხასაშვილის განცხადებით, კანონპროექტით გაფართოვდება ფულის გათეთრების ტერმინი და კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირებს დაავალდებულებს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშში გამოთქმული შედეგები ასახონ მათივე რისკების შეფასებაში, ხოლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირების მიზნით განახორციელონ ღონისძიებები. პროექტის თანახმად, კანონის მოთხოვნებისაგან განთავისუფლების საფუძვლად განისაზღვრება მკაცრად ლიმიტირებული შემთხვევა. ანგარიშვალდებული პირებისათვის იარსებებს კანონისმიერი ჩანაწერი, პრევენციული ღონისძიებების გარკვეულ შემთხვევაში შეჩერების შესახებ. სწორად განიმარტება პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის ტერმინი და სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობაში მყოფი პირი დაემატება იმ პირების ჩამონათვალს, რომელზეც გავრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის შესაბამისი მუხლები. კანონით ნათლად განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება – ჩაატაროს სტრატეგიული და ოპერაციული ანალიზი. აღნიშნული კანონპროექტის მიღებით ქვეყანა გაითვალისწინებს MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ცვლილებები მოიაზრებს ევროდირექტივებთან დაახლოებას და მეორე მხრივ იმ კერძო, ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების ცვლილებას, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან მოქმედებს და დღესდღეობით არაა ფუნქციური თავისი არსიდან გამომდინარე.
„დაგროვებითი პენსიის გარდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს, მოქალაქეს, თუ ამის სურვილი ექნება, უფლებამოსილება გაუჩნდება დანაზოგები დამატებით მიმართოს ალტერნატიულ საპენსიო კომპანიებში ან აქტივების მმართველ კომპანიებში. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდება საპენსიო კომპანიების სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაზოგების გრძელვადიან ზრდას. კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან მასტიმულირებელ მექანიზმებს და საპენსიო სქემების მონაწილეთა ინტერესების დაცვის იმგვარ გარანტიებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
დღესვე კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელა. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა განმარტა, კანონპროექტით, მხოლოდ ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე და გრანტის მიღების უფლება მიენიჭება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის თქმით, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გენგეგმა, შესაბამისი დასკვნის მისაღებად სავალდებულო აღარ იქნება განაშენიანების სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის დეტალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების ეტაპზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის წარდგენა. ამით გამარტივდება პროცედურები და დაიზოგება დრო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტები. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონის მიღება განპირობებულია საქართველოს ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობით, რომლის მიზანია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალური უწყებების მიერ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი, მრავალდარგობრივი ციფრული გეოგრაფიული მონაცემების, ქსელური სერვისებისა და მეტამონაცემების (ინფორმაცია მონაცემების შესახებ) მარტივად გაცვლისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.