ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის შემუშავება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას.
კანონპროექტზე მომუშავე ექსპერტების მიზანია, რომ კანონპროექტი პასუხობდეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად იყოს მორგებული ქართულ რეალობაზე. აქედან გამომდინარე, სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.
სამუშაო შეხვედრაზე, სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს, ექსპერტებმა კანონპროეტის შემუშავების მიზანი გააცნეს და ისაუბრეს ევროკავშირის იმ დირექტივის შესახებ, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს ზემოაღნიშნული კანონპროექტი. ასევე, ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის კონკრეტულ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკა და ის გამოწვევები გააცნეს, რომლის წინაშეც ევროკავშირის სახელმწიფოები დადგნენ ამ დირექტივის იმპლემენტაციისას.