საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს მიერ 2023 წლის ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ისაუბრა სააგენტოს საინვესტიციო და ადმინისტრაციულ საქმიანობაზე, ასევე, ძირითად სტატისტიკურ მონაცემებზე.
„საინვესტიციო პორტფელების მართვის ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, საინვესტიციო სამსახურმა 2023 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა წინადადების მოთხოვნის დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა 20-მდე საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიას და მოხდა გადარჩევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამ შერჩეულ კანდიდატთან მოლაპარაკება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭომ და საინვესტიციო სამსახურმა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გეგმური გადახედვა, რომელიც პერიოდულად სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხორციელდება საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„აქტივების განთავსების განახლებული სტრატეგიის შესაბამისად მოხდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განახლება, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო აქტივების განკარგვის საინვესტიციო მანდატს თითოეული პორტფელისთვის. ამასთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში განისაზღვრა მიზნობრივი პორტფელები ნაკლებადრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელებისთვის“, – აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, კანონის თანახმად, ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებადრისკიან პორტფელში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახური განაგრძობდა აქტიურ ინვესტირებას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 3,631 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628,0 მლნ ლარია. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19,3% უცხოურ ვალუტაში დომინირებულ აქტივებში.