საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება კი ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. ასევე, წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები.
„შეთანხმების დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის”, – განაცხადა გენადი არველაძემ.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი ოფიციალური რაუნდი 2018, 2019 და 2022 წლებშიც გაიმართა. მორიგი მე-6 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.