კალაძის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, პრობლემები აღმოფხვრილია

08/01/2016

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, მხოლოდ რამდენიმე ათეული აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

„გარკვეული პრობლემები იყო დიდთოვლობის გამო ძირითადად დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, გვქონდა ხარვეზები, ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე სრულიად აღმოფხვრილია.

ბოლო ინფორმაციით, გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ 80 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე, ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები. იქაც არის გარკვეული პრობლემები გზასთან დაკავშირებით. გზა პრაქტიკულად წაიღო დიდთოვლობამ. დღესაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც კი იქნება შესაძლებელი შესვლა სოფელში, ჩვენ ამ 80 აბონენტს აუცილებლად გავანულებთ. ასევე, ამბროლაურშია დარჩენილი 12 აბონენტი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის ინფორმაციით, გარკვეული შეფერხებები იყო ასევე კავკასიონის მაღალი ძაბვის გადამცემზე, თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„ამ მომენტისთვის, სხვა პრობლემები არ გვაქვს. გვქონდა გარკვეული შეფერხებები მაღალ ძაბვაზე კავკასინოზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა, ეს პრობლემა დღეს უკვე მოგვარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან „ენერგო-პროს“ თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო „ენერგო-პროს“ ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მართლაც თავდაუზოგავად შრომობდა და მართლაც, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ელექტოენერგიის მიწოდებას აბონენტებისთვის და დღეს უკვე ფაქტობრივად, ეს პრობლემა მოხსნილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0