საქართველოს პრეზიდენმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სამუშაო და ოფიციალურ შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა პროირიტეტებს შორის ორი უმთავრესი თემა გამოყო – საქართველოში არსებული კონფლიქტი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარია საერთაშორისო დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი, რათა უფრო ახალმა კონფლიქტმა არ გააქროს და გადაფაროს ჩვენი მთავარი ტკივილი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული მხარის მთავრი მოთხოვნაა, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ შეძლოს სადამკვირვებლო მანდატის განხორციელება არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზზე, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჟენევის ფორმატი დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს – მაღალ პოლიტიკური დონეს, სადაც განხილული იქნება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების მიერ ორმხრივი შეხვედრების შემდეგ გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით, ნიშანია იმისა, რომ მათი მხრიდან საქართველოს მიერ დასმული საკითხები უკეთაა გაგებული და მხოლოდ სხვა კონფლიქტზე, მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ და საქართველო უბრუნდება საერთაშორისო დღის წესრიგს. პრეზიდენტის განმარტებით, მისი ორმხრივი შეხვედრების მეორე მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.
ქართული მხარე სთხოვს და მოუწოდებს საკუთარ პარტნიორებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მოიძებნოს საქართველოს პრაქტიკული ინტეგრაციიის გზები. პრეზიდენტის თქმით, დღესვე ევროკავშირში გარკვეული პრობლემებია და იგი არ არის მზად დღეს მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო ელოდება, მაგრამ ქართული მხარე ამ მიმართულებით იმუშავებს, რადგან ზუსტად იცის რომელ პროგრამებში, რომელ პოლიტიკებში სურს გაწევრიანება.
“იყოს დე-ფაქტო ინტეგრაცია. ამ გზაზეც გარკვეულწილად მოგვყვებიან ჩვენი პარტნიორები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში იმ შეხვედრებზეც ისაუბრა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გაიმართა და მნიშვნელოვანი შეფასება მისცა ებრაელთა საერთაშორისო მსხვილ ორგანიზაციებთან და აშშ-ს კულტურულ ინსტიტუტებთან – მეტროპოლიტენ ოპერისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელებთან შეხვედრას.
“ჩვენი სურვილია, რომ რომელიმე ქართული ოპერა დაიდგას მეტროპოლიტენ ოპერაში, რათა საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველო თავისი კულტურით უფრო აქტიურად იყოს წარმოჩენილი.
“შევთანხმდით იმაზე, რომ უკვე გაზაფხულზე ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და გაეცნობა ჩვენს შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან შეხვედრისას მას გავაცანით მოსაზრება, რომ საქართველოს ოციანი წლების ავანგარდი, როგორც ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ძალიან ევროპული მიმართულება იყოს აქ წარმოდგენილი. შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და განიხილავს ამ თემას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა