იუტიციის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით მიღება გამართა

21/12/2018

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმების აღსანიშნავად იუტიციის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით მიღება გამართა. ქართულმა მხარემ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის წევრებს უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებდნენ კერძო კომპანიბის წარმომადგენლებიც, მათ შორის – საქართველოს მოქალაქეები, რომლების საფრანგეთში საქმიანობენ.
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დასაფუძნებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუს 20 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურმა.
იუსტიციის სამინისტრო ორ წელიწადზე მეტია, მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში მოიზიდოს საარბიტრაჟო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტები. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, იქცეს რეგიონის ბიზნეს- და საარბიტრაჟო ცენტრად. საქართველოს საამისოდ კარგი პოტენციალი აქვს, რაც არაერთხელ აღინიშნა მემორანდუმის ხელმოწერამდე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი ექსპერტების მიერ.
ხსენებული მემორანდუმი აყალიბებს საქართველოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობის საერთო ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანხმდებიან, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონული ცენტრის განვითარებას და, ამასთან, საქართველოში „ICC“-ის არბიტრაჟის გამოყენების პოპულარიზაციას; „ICC“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ასევე, მზად არის, განახორციელოს როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბის სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამა ჩვენს ქვეყანაში; სასამართლო, ასევე, განიხილავს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, „ICC“ წარმოდგენილი იყოს საქართველოში.
საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრად გადაქცევა შესაძლებელი გახადა არბიტრაჟის შესახებ საუკეთესოს საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისმა საქართველოს კანონმდებლობამ, საარბიტრაჟო და დავის ალტერნატიული გზებით მოგვარების კარგმა პრაქტიკამ და არბიტრაჟის მხარდამჭერმა და მეგობრულად განწყობილმა ქართულმა სამოსამართლო პრაქტიკამ (arbitration-friendly Georgian judiciary). მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებებმა; არბიტრაჟის ინსტიტუტის მხარდაჭერის გაძლიერების, საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულების მექანიზმების შემუშავებამ. კერძოდ, ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო კანონის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან; აღსრულების სისტემის რეფორმამ, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და რომლის თანახმადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის ნაცვლად შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა. მოლაპარაკებების დროს, ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. საქართველოს უპირატესობად ჩაითვალა განვითარებული სამართლებრივ-ინსტიტუციური გარემოც.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შეფასებისა და შეჯამების შემდეგ, მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, განსაზღვრონ ფორმა, რომლითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოში დააარსებს თავის წარმომადგენლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0