იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის შეხვედრა გაიმართა

29/06/2018

იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს.
იუსტიციის სამინისტრომ „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმს ახალი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია გააცნო. ფორუმზე გეგმით გათვალისწინებულმა თითოეულმა უწყებამ წარადგინა თავისი ვალდებულება. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე გეგმაში ვერ აისახა. ფორუმი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდა.
იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვეა, მუშაობს „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა 17-19 ივლისს თბილისში გასამართი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) მეხუთე გლობალურ სამიტზე მოხდება, რომელსაც საქართველო მასპინძლობს როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა.
იუსტიციის სამინისტრომ ახალი გეგმის შემუშავება სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით დაიწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ რეკომენდაციები ღია მმართველობის 2018-2019 წლების გეგმისთვის.
გარდა ამისა, საჯარო კონსულტაციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბითაც, სადაც სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საჯარო კონსულტაციებში მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ჩაერთვნენ. ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების პროცესში იუსტიციის სამინისტროს აქტიურად უჭერდა მხარს „USAID“-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0