იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

17/11/2023

კანონმდებლებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს. მინისტრმა უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სერვისების განვითარების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და სერვისების მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ქალაქში თუ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას თანაბრად მიუწვდება ხელი იუსტიციის სახლის ყველა სერვისზე. მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სერვისებზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის სახლები ასევე, გახსნილია პენიტენციურ დაწესებულებებში.

„2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი, 2024 წლისთვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ გვექნება 131 იუსტიციის სახლი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ ხორციელდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. მისი თქმით, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. იუსტიციის მინისტრმა სანოტარო მომსახურების არეალისა და ნოტარიუსთა რაოდენობის მუდმივი ზრდის შესახებაც ისაუბრა. მან იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და სამინისტროში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მომხსენებელმა მსჯავრდებულებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობს უნიკალური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებშიც, ინტერნეტის მეშვეობით, პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

„ეს პროექტი არის რესოციალიზაციის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა, რადგან სწორედ განათლებაში არის რესოციალიზაციის წარმატების გასაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ეფექტიანობის მიზნით განახლებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე. პრობაციის სისტემის რეფორმაზე საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ევროპის მასშტაბით პირველად, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოწყობილობებით შესაძლებელი გახდა პრობაციონერის მისვლა ალტერნატიულ შენობა-ნაგებობებში. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევები იყო იუსტიციის სამინისტროს სისტემის ყველა მიმართულებით მათ შორის, პენიტენციური თუ პრობაციის სისტემის საერთაშორისო აქტივობებით. ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით უწყების მიერ გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს.

„ამ პროცესის მეტი ეფექტიანობისთვის შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

„საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს საამაყო არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საქმეებიდან აბსოლუტურად ყველა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მინდა ქვეყანას მოგილოცოთ ეს გამარჯვება, რომელიც სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, რომელიც, ასევე მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს – 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა.

„ჩვენ ყველა სამართლებრივი საშუალებით ვიბრძოლებთ რომ ომის დროს დარღვეული თითოეული ადამიანის უფლება იყოს ბოლომდე დაცული“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს სამართლებრივი რისკების პრევენციას. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას. სამართლებრივი დავა არცერთ მათგანზე არ დაწყებულა.

„ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან იუსტიციის სამინისტროში და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ჩვენ ვზრუნავთ მათი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0