იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალური საწარმო – ავტოსამრეცხაო – დაათვალიერა, სადაც სამი ყოფილი პატიმარი დასაქმდა. საწარმოს მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმება, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
ავტოსამრეცხაო ასევე დაათვალიერეს შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ.
სოციალური საწარმოს ფარგლებში ორი ობიექტი – კაფეტერია და ავტოსამრეცხაო – უკვე შეიქმნა. ამ ავტოსამრეცხაოს გარდა, 2015 წლის 30 ნოემბერს, თბილისის იუსტიციის სახლში კაფეტერია გაიხსნა. ორივე ობიექტის (კაფეტერია და ავტოსამრეცხაო) ხელმძღვანელი, ბუღალტერი და 3 მზარეული პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიკავეს. ჯამში, ორივე ობიექტზე 20 პირი დასაქმდა. მათგან 8 ყოფილი პატიმარია, 5 კი – ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი.
სოციალური საწარმოს საშუალებით, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. გარდა ამისა, დასაქმებული ბენეფიციარები გაიუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.
სოციალური საწარმო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის მიერ საგრანტო პროექტი „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის” 87 500 შვეიცარიული ფრანკით დაფინანსდა.
საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა” 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.
იუსტიციის მინისტრმა სოციალური საწარმო დაათვალიერა
22/01/2016