იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამეგრელოს რეგიონული არქივი გახსნა

07/03/2016

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა გახსნა.
ზუგდიდის არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა თანამედროვე ტიპის შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა. შენობები ერთმანეთს მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდა.
საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების დოკუმენტური ინფორმაცია სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.
სამეგრელოს რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება.
საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.
საარქივო მასალები, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ.
დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყო სამკითხველო და საგამოფენო სივრცე.
არქივის ახალი შენობის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მხარის გუბერნატორი და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0