იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული მისიის ხელმძღვანელი მიიღო

24/10/2017

თეა წულუკიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული მისიის ხელმძღვანელი ოჰანეს ფან დერ კლაუსი მიიღო. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მისიის მანდატისა და იმ პროექტების შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც საქართველოში „UNHCR“-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
მხარეებმა ისაუბრეს მოქალაქეობის არქონასა და მის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს მოქალაქეობის არმქონეს სტატუსი. მინისტრის თქმით, მოხდა საერთაშორისო ნორმებთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია − შეიცვალა 11 სამართლებრივი აქტი, რასაც შედეგად მოჰყვა მოქალაქეობის არმქონეობასთან დაკავშირებული სტატისტიკის გაუმჯობესება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შემუშავებული აქვს ეროვნული სამოქმედო გეგმა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებასთან დაკავშირებით. გეგმის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0