იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულდება მანამ, სანამ საქართველო დეოკუპირებული არ იქნება.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იცავდნენ იმას, რასაც ჰქვია საქართველოს ღირსება − ტერიტორიული მთლიანობა, და რასაც ჩვენ ვიცავდით საუკუნეების განმავლობაში. ამ ბრძოლას ჩვენ ვაგრძელებთ; ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანა არ იქნება დეოკუპირებული; მანამ, სანამ ჩვენ არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ, დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. მე მინდა, ყველა ოჯახს მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მემორიალი 2009 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიხსნა, 31 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო საქართველოს 26 ათასი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.