გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ენერგოეფექტური სათბურის პროექტის წარმატებით განხორციელებაში ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გადამზადებასა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ჰუნანის პროვინციაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეტაპები გააცნეს. საუბარი შეეხო ჰუნანში ჩაის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს, რომლის მაჩვენებლითაც პროვინცია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე რიგებშია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას. აქცენტი გაკეთდა ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტზე, ჩაის ახალი ჯიშების შემოტანასა და ჰუნანის პროვინციის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში წყლის რესურსების დიდი პოტენციალისა და აკვაკულტურების განვითარების შესაძლებლობებზე.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთში ქართული მარანი გაკეთდა და ქართული ჯიშის ყურძენი გაშენდა. ჰუნანის პროვინციის სავაჭრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლი ხინქიუს თქმით, ჰუნანის პროვინცია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის.