იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა. კანონპროექტით, პირის სანქცირებისთვის განისაზღვრება „გონივრული საფუძვლის“ სტანდარტი, რომელიც უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტია, ვიდრე სისხლისსამართლებრივი წარმოებისათვის დღეს დადგენილი სტანდარტი – „დასაბუთებული ვარაუდი“. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებით, ფინანსურ ინსტიტუტებსა და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, სანქცირებული ქონების აღმოჩენისას, დაუწესდებათ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება. პროექტით, სამთავრობო კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, სანქციადაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც გაეროს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქციადაკისრებულ პირებთან მიმართებით. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ცვლილების პროექტის მომზადება განაპირობა მთავრობათაშორისი საერთაშორისო მექანიზმის – ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შემფასებელი მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასებაში გამოთქმულმა რეკომენდაციებმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
30/10/2023