იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა

09/12/2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს – გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა და მათი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა. ​კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნეს, ასევე, ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვებზე და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. გიორგი ბურჯანაძის წარმდგენია სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გიორგი გზობავას – ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები და ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია; ზურაბ გურასპაშვილის – სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი, იოსებ ვარძელაშვილის – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და მანუჩარ კაკოჩაშვილის – სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 10 დეკემბერს გაგრძელდება. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება, დაგეგმილია ექვსი კანდიდატის – ავთანდილ კახნიაშვილის, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ალექსანდრე კობაიძის, ალექსანდრე კურცხალიას და გია ლილუაშვილის მოსმენა.
პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ​ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0