იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები მოისმინა

28/11/2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები მოისმინა. მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარებით, საქართველოს წინააღმდეგ განიხილება მხოლოდ 138 საქმე. მისი თქმით, შედარებისთვის, ათი წლის წინ 3-4 ათასი საქმე განიხილებოდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს დაახლოებით 90-95%-იანი კლებაა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რეფორმების შედეგად მოსახლეობას სახელმწიფო ინსტიტუტების რწმენა გაუჩნდა და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას ქვეყნის შიგნით. ძირითად გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ცინცაბაძის ჯგუფის“ და „იდენტობის“ ჯგუფის საქმეებზე. „„ცინცაბაძის ჯგუფი“ აერთიანებს იმ საქმეებს, რომლებშიც დაირღვა „ევროპული კონვენციის“ მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლები (წამების აკრძალვა). საუბარია 15- 20 წლის წინ ჩადენილ დარღვევებზე და შემდეგ ამ დარღვევების არაეფექტიან გამოძიებაზე. პროკურატურა ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ ბევრი გამოწვევის წინაშე დგება, თუ საწყის ეტაპზე გამოძიება არ არის ეფექტიანად ჩატარებული და მტკიცებულებები არ არის საქმეში დამაგრებული. თუმცა, მისასალმებელია, რომ პროკურატურამ, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოახერხა ამ საქმეების ფარგლებში 43 პირის მიმართ დევნის დაწყება და 38 პირის მიმართ განაჩენია გამოტანილი.

„იდენტობის“ ჯგუფის გადაწყვეტილებები შეეხება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საქმეებს და ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ჩატარებული გამოძიებები. აქაც საუბარი წლების წინ მომხდარ დარღვევებზეა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სახელმწიფოში სისტემური რეფორმები, როგორიც იყო 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ადამიანის უფლებათა პირველი სტრატეგიის მიღება, სადაც სახელწმიფომ მთავარ მიმართულებად აიღო დისკრიმინაციასთან ბრძოლა. ბოლო პერიოდში ამ ღონისძიებებმა შედეგებიც გამოიღო, მათ შორის, შსს-სი და პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტები, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება დისკრიმინაციასთან ბრძოლაა. შეიცვალა სტატისტიკაც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1509 პირის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე და 895 პირი იქნა დაზარალებულად ცნობილი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა მდგომარეობაზე რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეების აღსრულების კუთხით. მისი თქმით, დეპორტირებულების საქმეებთან დაკავშირებით რუსეთს დაეკისრა 10-მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დაზარალებულების სასარგებლოდ.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ძალიან ხისტი და უარს ამბობდა აღსრულებაზე, ჩვენ გვქონდა კარგი პროგრესი. ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის შედეგად, რუსეთმა ხელი მოაწერა მემორანდუმს და აპირებდა ამ თანხის გადახდას. ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო მიმდინარე წლის მარტში, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად და რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ, ამ საკითხის აღსრულების პროგრესი შეჩერდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საქმეზე. რამდენიმე დღეში, საქართველოს მოთხოვნით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიღებს პირველ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი სახელწმიფო. ომის საქმეზეც წელს იყო პირველი განხილვები მინისტრთა კომიტეტში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერები გაკეთდა. მინისტრთა კომიტეტმა პირდაპირ მოუწოდა რუსეთს დევნილების საცხოვრებელი ადგილებისკენ დაბრუნებისკენ და ყველა ამ დარღვევის საფუძვლის აღმოფხვრისკენ, რაც დეოკუპაციის დაწყებას გულისხმობს“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0