იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

10/02/2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მუშაობის წლიური სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა შეიცავს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით 2021 წელს განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი. იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში მოცემულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც კომიტეტს მოუწევს მუშაობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი.

„2021 წლის განმავლობაში, ჩვენ შესაძლებელია გვქონდეს კიდევ სხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოგვიწიოს მსჯელობა და განხილვა. გუშინ გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან. გავეცანით მათ მოსაზრებებს და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს. ასე, რომ კომიტეტი მზად არის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით წარმართოს პროცესი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სამოქმედო გეგმა იყოფა ხუთ თავად. პირველ და მეორე თავში წარმოდგენილია კანონშემოქმედებითი მიმართულებით და საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. მესამე თავში მოცემულია პარლამენტის მიერ ასარჩევი იმ თანამდებობის პირთა საკითხების განხილვის თაობაზე ინფორმაცია, რომელთა არჩევის საკითხებსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. სამოქმედო გეგმის ბოლო ორი თავი ეთმობა ღიაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ორგანიზაციული საკითხების და ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ აქტივობებს.

სამოქმედო გეგმის თითოეულ თავში მოცემულია სტრატეგიული მიზანი. სტრატეგიული მიზნები იყოფა ამოცანებად. ამოცანების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან მიმართებით მითითებულია ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი, ავტორი და მონაწილე, ღონისძიების თანხვედრა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ღონისძიების განხორციელების ვადა და შესრულების ინდიკატორი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით კომიტეტის სტრატეგიული მიზნებია: საკანონმდებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება; სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის სხვა სფეროებში კანონმდებლობის გაუმჯობესება; კერძო სამართლის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით, კომიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, სისხლის სამართლის კოდექსში მასშტაბური ცვლილებების განხორციელება, სააღსრულებო პროცესის ახალი საკანომდებლო აქტის განხილვა და „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღება.
სამოქმედო გეგმაში, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიმართულებით გამოყოფილია ორი ამოცანა: თემატური მოკვლევის მექანიზმის გამოყენება და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ანგარიშების განხილვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0