იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების საკითხზე იმსჯელა

21/12/2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და გამომდინარე კანონპროექტები განიხილა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს; ასევე, პარტია მომავალი წლის დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. იგივე პრინციპი ვრცელდება ერთ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებზე. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ სხდომებში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებზე მსჯელობის პროცესი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიებს, პარტიების დაფინანსებას, წარიმართოს ყველა იმ სუბიექტის ჩართულობით, ვინც დაინტერესებულია. მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ ბიუროს საშუალებით, მედიის საშუალებით და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზეც განვაცხადეთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გვექნებოდა. აქ ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა, რომ გაგვემართა დებატები იმ შეკითხვებზე, რომელსაც სვამენ მედიის საშუალებით, თუმცა დამახინჯებულად და სპეკულაციურად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის არსი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება.

„შესაძლებელია თუ არა, რომელიმე პოლიტიკური პარტია უგულებელყოფდეს ხალხის წარმომადგენლობას, ზოგადად, რის გამოც ხალხმა მიაკუთვნა მანდატი, უგულებელყოფდეს დემოკრატიის პრინციპს და მიუხედავად ამისა, არსებობდეს მექანიზმი, რომ ასეთ პოლიტიკურ პარტიებს მიანიჭებს დაფინანსებას. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია წარმომადგენლობის განხორციელება. სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2020 წელს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ გუნდმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, არსებითად შეცვალა საბიუჯეტო დაფინანსების სისტემა.

„დაფინანსების სისტემა გახდა მოქნილი და მარტივი ფორმულით არის წარმოდგენილი. კერძოდ, პარტიების დაფინანსება განისაზღვრება საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად. პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო ყოველი შემდგომი ნმდვილი ხმისთვის – 5 ლარი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, ეს მექანიზმი შედარებით ახალგაზრდა პატარა პარტიებს წაახალისებდა და ფინანსურ რესურსს უფრო მეტს მისცემდა, თუკი ექნებოდათ მიღებული ხმები 50 000 -ის ფარგლებში.

„კონსტიტუციის მესამე მუხლი – დემოკრატიის პრინციპი უზრუნველყოფს ხალხის წარმომადგენლობის რეალიზებას და მაშინ, როდესაც პარტია საბოტაჟს უწევს ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებას და საქართველოს პარლამენტს, ამ შემთხვევაში აღარ იკვეთება მიზნობრიობა, თუ რის გამო უნდა მიიღოს კონკრეტულმა პარტიამ დაფინანსება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის წინადადებით, მოტივაციის გასაზრდელად, არა მიმდინარე წლის დეკემბერში, არამედ საგაზაფხულო სესია თუ გააცდინა პარტიის წარმომადგენლობის ნახევარზე მეტმა, ამ შემთხვევაში მომავალი 6 თვის განმავლობაში შეუწყდეს დაფინანსება, და არა 1 წლის განმავლობაში. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მსჯელობისას კიდევ უფრო დაზუსტდება რიგი საკითხები. კომიტეტმა პრნციპების დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0